ყველასთვის ცნობილი თურქული სამზარეულო საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია, რომელიც განსხვავებული და საინტერესო კერძებით გამოირჩევა. მის განუყოფელ ნაწილს, ცხადია, წარმოადგენს თურქული ყველი, რომელიც თურქეთში ნებისმიერი ტიპის საუზმის დროს სუფრაზე დაგხვდებათ.
ბალიქესირის ყველის სახეობები
ბალიქესირში 50-მდე სახეობის ყველს ვხვდებით. ქალაქის მულტიკულტურულმა სტრუქტურამ, სხვადასხვა სახის რძისგან დამზადებულმა პროდუქტებმა და წარმოების სხვადასხვა მეთოდმა ქალაქი ნამდვილი „ყველის სამოთხედ” აქცია. ერთ-ერთია „მიჰალიჩის“ ( Mihaliç) ყველი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ამზადებდნენ თურქეთში. იგი ძირითადად მზადდება ბალიქესირსა და ბურსაში. „მიჰალიჩი“ ჩვეულებრივ მზადდება თხის ან ძროხის რძისგან და ინახება მარილწყალში, მანამ სანამ იგი გამკვრივდება და გაშრება. მკვეთრი მარილიანობის გამო მას ხშირად იყენებენ კერძებში, ასევე ხშირად ნახავთ სალათებშიც.
“ეზინეს თეთრი ყველი”
“თეთრი ყველი” თურქული საუზმის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ქვეყნის პოპულარულ დელიკატესებს შორის არის მოქცეული. აღსანიშნავია, რომ მისი სამშობლო არის ჩანაქალე და ედირნე. ედირნეს „თეთრი ყველი“ მიიღება ცხვრის, თხისა და ძროხის რძისგან, რომლებიც ადგილობრივი ბალახით იკვებება. ედირნეს თეთრი ყველი გამორჩეულია იმით, რომ იგი არ შეიცავს დანამატებს და მის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ რძე, საფუარი და მარილი. „ეზინეს თეთრი ყველი“, რომელსაც „ჩანაქალეს“ ეზინეს რაიონის საპატივსაცემოდ ეძახიან, ტრადიციულად თურქულ საუზმეზე დაგხვდებათ.
დღეს მსოფლიოში 1000-ზე მეტი ყველის სახეობაა ცნობილი, მათი უმეტესობა ქვეყნის გასტრონომიული კულტურის მიხედვითაა შექმნილი და განვითარებული. თურქულმა ყველმა, მითუმეტეს ანატოლიურმა, განვითარების პირველ საფეხურზე მეტად გაითქვა სახელი, თუმცა დღეს ეგეოსისა და ედირნეს ყველი არა მარტო თურქეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანატოლიურ თეთრ ყველთან ერთად ე.წ. ქაშარის ყველიც ამ პროდუქციის განუყოფელი ნაწილია. ქაშარის ყველი პირველად დამგემოვნებელს ჩვენებურ სულგუნს მოაგონებს. ქაშარის ყველი დამზადებიდან ექვსი თვის განმავლობაში ბნელ ადგილას კასრებში ინახება და ეს მას დაძველებაში ეხმარება.
კაბადოკიის რეგიონის ყველი
ყველის ერთ-ერთი უნიკალური სახეობა არის ასევე „ნიგდე“, რომელიც საუკუნეების მანძილზე მზადდებოდა კაბადოკიაში. იგი არის ცისფერი და მზადდება ცხვრისა და თხის რძისგან, რომლებიც ჯანსაღი მცენარეებით იკვებება მდელოებზე. ყველის ისტორია 700 წლით თარიღდება. აღსანიშნავია კონიას ჩამოსხმული ყველი, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიით გამოირჩევა. იგი მხოლოდ რძითა და საფუარით მზადდება და ისხმება სპეციალურ ოთახებში სპეციალურ ჭურჭლებზე. მას კი ინახავენ და 6 თვის შემდეგ მიირთმევენ. ანატოლიის ხალხთა მრავალფეროვანმა კულტურამ და ასევე შუა აზიიდან წამოღებული კულტურული მემკვიდრეობის გავლენამ ყველის იმდენად ბევრი სახეობა წარმოშვა, რომ თურქეთმა ამ პროდუქციით მსოფლიოს ყველის ბაზარზე შეუცვლელი ადგილი დაიკავა.