ზაფხულის დასრულებამდე არც თუ ისე დიდი ხანი დარჩა. თუ ჯერ კიდევ არ წასულხართ სამოგზაუროდ და ვერ გადაგიწყვეტიათ სად დაისვენოთ, მაშინ აუცილებლად უნდა გირჩიოთ თურქეთი და მისი შესანიშნავი კურორტები, რომლებსაც ყოველწლიურად მრავალი ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. თურქეთში კურორტებიდან ყველაზე აქტიურად გამოირჩევა ანტალია, ქემერი, ბელეკი, მარმარისი, კუშადასი, ფეთი, დიმიმი, იზმირი, ბოდრუმი და ალანია. თუმცა ახლა ჩამოთვლილთაგან მხოლოდ უკანასკნელ სამზე უნდა გესაუბროთ.
ალანია
ალანია არის ცნობილი და პოპულარული კურორტი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სადაც სეზონის განმავლობაში ათასობით ტურისტი იკრიბება. კურორტზე არის ლურჯი დროშის მქონე პლაჟები, შესანიშნავი ზღვა, საინტერესო ღირშესანიშნაობები და ყველა ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები.
კურორტზე საექსკურსიო პროგრამა საკმაოდ ფართოა და მომსახურებას ახორციელებენ როგორც სასტუმროს გიდები, ისე ტურისტული სააგენტოებიც. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ისტორიული, ბუნებისა თუ გასართობი ტურები ყველა გემოვნების მიხედვით, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. ალანიის ერთ-ერთი უძველესი ღირსშესანიშნაობაა წითელი კოშკი, რომელიც დღეს ქალაქის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათად არის ქცეული. ეს დასაყრდენი XIII საუკუნის დასაწყისში სელჩუკთა სულთანმა ალადინ ქეიქუბადმა აღმართა, როგორც ალანიის ციხის თავდაცვითი ობიექტი. ძველი შენობის გვერდით კი მდებარეობს გემთმშენებლობის მცირე მუზეუმი, სადაც გამოფენილია გემთა მოდელები და ზოგიერთი სამშენებლო ნივთი.
ბოდრუმი
ბოდრუმი (თურქ. Bodrum, ძველი სახელწოდება ჰალიკარნასი) — თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი. მდებარეობს მუღლის პროვინციაში, ანთალიიდან დაახლოებით 300 კმ-ის დაშორებით.
ბოდრუმი გამოირჩევა ულამაზესი სანაპიროებითა და ყურეებით, ასევე იგი მდიდარია მრავალი ისტორიული ძეგლითა და ღირსშესანიშნაიბით, რაც ყოველ ჯერზე ტურისტების უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს.
აქ ზღვის სეზონი აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლოს ოფიციალურად მთავრდება.
ძალიან შთამბეჭდავია ხედი, რომელიც ქალაქში შესვლისას გადაიშლება! ქათქათა თეთრი შენობები, წითელი ყვავილები, გემები და იახტები, ზღვა, რომელიც მზის სხივების ფონზე პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინავს და არის ულამაზესი. ეს ის პირველი სასიამოვნო შთაბეჭდილებაა, რომლითაც ბოდრუმს გაიცნობთ.
სასურველია ესტუმროთ ბოდრუმის ნავსადგურსა და ციხესიმაგრეს, რომელიც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზევე ფუნქციონირებს ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიური მუზეუმი. ცნობისათვის, ნავსადგურიდან ტურისტებს საშუალება ეძლევათ, რომ ერთდღიანი ტურის ფარგლებში დაათვალიერონ (დაახლოებით 2 საათის გზა) საბერძნეთის კუნძული კოსი. მოგეხსენებათ, ბოდრუმში იყო აღმართული ლეგენდარული ჰალიკარნასის მავზოლეუმი – დღეს მისგან საძირკველი, კოლონების ნიმუშები და ქანდაკებებიღაა შემორჩენილი. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საგამოფენო სივრცეც.
თქვენი ექსკურსიის სიაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ბოდრუმის ამფითეატრი, რომელიც ქალაქის ჩვენს დრომდე ყველაზე უკეთ შემონახულ ანტიკურ ნაგებობას წარმოადგენს. ასევე ტურისტებს ძალიან უყვართ გემით სეირნობა. ზღვაზე კაპიტანი გემით ეგეოსის ზღვის ულამაზეს ადგილებს მოგატარებთ.
ძალიან მოიხიბლებით ქალაქის ქუჩებში სეირნობით. რესტორნების კედლები ყვავილებიანი სუროებითაა მორთული, ლურჯ, ყვითელ და წითელფრად შეღებილი სკამები და მაგიდები პირდაპირ ეზოებშია განთავსებული, გარშემო კი ლაჰათ-ლუჰუმისა თუ თურქული ყავის არომატი იფრქვევა.
იზმირი
იზმირი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია თურქეთში და მდებარეობს ეგეოსის სანაპიროზე. აქ განთავსებულია დიდი საზღვაო პორტი. იზმირი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტია თურქეთში და მისი მოსახლეობა 4 მილიონზე მეტს ითვლის. კლიმატი ზაფხულში ზომიერად თბილი და ნოტიოა, ხოლო ზამთარში კი საკმაოდ გრილი. აქ ტურისტების დიდი ნაკადი მოდის ივლისსა და აგვისტოში. ისე როგორც სხვა დიდ ქალაქებში იზმირშიც არის ტურისტებისთვის დასათვალიერებელი და მომზიდველი ადგილები.
მისი ღირსშესანიშნაობებია:
აგორა სმირნი – მე-2 საუკუნეში აშენებული ბაზრის ნანგრევები;
კადიფეკალეს ციხე-სიმაგრე – გაშენებულია ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის პერიოდში;
კონაკის მოედანი – აქ შემონახულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი შენობა-ნაგებობები;
ქემერალდის ბაზარი – ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია მთელს თურქეთში;
იზმირის მუზეუმები – აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ათათურქის მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი;
იზმირის კულტურის პარკი – საუკეთესო ადგილია განტვირთვისა და დასვენებისთვის.