პრინცის კუნძულები თურქეთში

პრინცის კუნძულები 9 კუნძულისგან შემდგარი ჯგუფია. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 4 მათგანია საზოგადოებისთვის გახსნილი, კერძოდ, ესენია: კინალიადა (Kinaliada), ჰეიბელიადა (Heybeliada), ბიურგაზადა (Burgazada), ბუიუქადა (Buyukada).

პრინცის კუნძულები მჭიდროდ უკავშირდება სტამბოლს

იზანტიურ ეპოქაში, კუნძულს იყენებდნენ მთავრებისა და სამეფო ოჯახის წევრების გადასახლების ადგილად. მოგვიანებით, კუნძულს ამავე მიზნით ოსმალეთის სულთნების ოჯახის წევრებისთვისაც იყენებდნენ. კუნძული, 1453 წელს კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ოსმალეთის ფლოტმა დაიპყრო. აღსანიშნავია, რომ იგი XIX საუკუნეში, სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა, სადაც დღემდე შემორჩა ვიქტორიანული ეპოქის კოტეჯები და სახლები. დღეს ბუიუქადა თურქი და არა მარტო თურქი უმდიდრესი ადამიანების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს და მათი მდიდრული ვილები გულგრილს არავის ტოვებს.

კუნძულებზე საოცარი სიმშვიდე და სიჩუმეა. რამდენიმე საათში შეგიძლიათ შემოიაროთ ვიწრო და კოხტა ქუჩები, რომელსაც დიდებულად გადაჰყურებს ლამაზი ვილები, თავმომწონე ყვავილები, სკულპტურებით მორთული და მოჩუქურთმებული აივნები, იახტებით დატვირთული ყურეები.

პრინცის კუნძულებიდან ყველაზე დიდია ბუიუქადა (Büyükada), რაც თურქულად ნიშნავს “დიდ კუნძულს”. როგორც კი ბუიუქადას კუნძულზე დადგამთ ფეხს, სხვა საუკუნეში, სხვა ეპოქაში აღმოჩნდებით. კუნძულზე ვერ ნახავთ მანქანას, რადგან იქ მხოლოდ ცხენიანი ეტლით, ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილდებიან. სწორედ მის ქუჩებში დაგხვდებათ ლამაზი ყვავილებით მორთული, ფერადი ველოსიპედები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მთელი კუნძული შემოიაროთ. დამთვალიერებლებს კუნძულზე ხვდებათ ცნობილი საათის კოშკი, ასევე აია იორგის ეკლესია (წმინდა გიორგის ეკლესია), რომელიც პრინცების კუნძულების ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ეს მართლმადიდებლური ეკლესია ბუიუქადას უმაღლეს ბორცვზე, უნიკალურ და წყნარ ადგილზე მდებარეობს.

ეს არის ტაძარი, რომელიც მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის შეუცვლელი ნაგებობაა. აღნიშნულ სამლოცველოს ხშირად სტუმრობენ საზღვარგარეთიდან და მასში გულმხურვალედ ლოცულობენ.

მიმზიდველი ისტორიული შენობები

ჰეიბელიადა (Heybeli Ada) პრინცის კუნძულებიდან სიდიდით მეორე კუნძულს წარმოადგენს. ჰეიბელიადაშიც ბუიუქადას მსგავსად არის მრავალი ისტორიული შენობა-ნაგებობა. ცენტრალური მთის მწვერვალზე არის მე -11 საუკუნის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, სადაც განთავსებულია ამჟამად არსებული ჰალკის სემინარია, მთავარი ბერძნული მართლმადიდებლური სემინარია თურქეთში, რომელიც თავის დროზე სასულიერო პირების განათლებისთვის გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მონასტერი ბევრ ტურისტს იზიდავს საბერძნეთიდან და თურქეთიდან. აქ არსებული ღირსშესანიშნაობებიდან საგულისხმოა ბეტ იაკოვის სინაგოგა (Bet yaakov synagogue) და აია ნიკოლას ეკლესია (aya nicola church), რომელიც კლდის გვერდით მდებარეობს. ეს გარემო იდეალურია მათთვის, ვისაც სურს იმოგზაუროს კუნძულის ისტორიულ წარსულში.

ბურგუზადა და მწერლის, საიტ ფაიკის საფლავი

ბურგუზადა (Burgazada) არის სიდიდით მესამე კუნძული, პრინცის კუნძულებს შორის, მარმარილოს ზღვის მახლობლად. აქაც არის მრავალი ისტორიულ-კულტურული შენობა, ბრწყინვალე სახლები, პლაჟები, რომლებიც ზაფხულის თვეებში განსაკუთრებით იპყრობს ტურუსტთა ყურადღებას.

აქ აუცილებლად სანახავ ადგილებს შორისაა ბურგაზადას მეჩეთი, აია იანის ეკლესია და საიტ ფაიკ აბასიანიკის სახლ-მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს თურქ მწერლად და 1940-იანი წლების მნიშვნელოვან ლიტერატურულ ფიგურად ითვლებოდა. სწორედ ამ სახლში უცხოვრია საით ფაიკს წლების განმავლობაში. გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ კი იგი სახლ-მუზეუმად გადაუქცევიათ სადაც მისი ყველა ნივთი საუკეთესოდ არის დაცული.

კინალიადა (Kınalı Ada)

კინალიადა ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ საკმაოდ ლამაზი და მრავალფეროვანი კუნძულია, რადგან აქ სხვადასხვა კულტურის ხალხი ცხოვრობს ერთად. აქაც ყველაფერი წყნარი და მშვიდია. თქვენ შეგიძლიათ ფეხით მოიაროთ მთელი კუნძული დაახლოებით 20-25 წუთში. აღსანიშნავია, რომ კინალიადამ (Kınalı Ada) სახელი შორიდან მიიღო მაკის წითელი ფერის გამო. ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებიდან უნდა აღვნიშნოთ კინალიადას მეჩეთი, რომელიც მდებარეობს კარშის ქუჩაზე. იგი აშენდა 1964 წელს. ასევე პანაიას ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და სხვ.

საბოლოოდ, როგორც მიხვდით, ძირითადად პრინცების კუნძულებია ის საზაფხულო პოპულარული ადგილი ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებითა და ისიამოვნოთ შექმნილი იდეალური გარემოთი.

EMCode f9b7fca8e5485c888c0ff6ec190c339b
EMCode 901312d4c24192e07be2594af1d7cd1e
EMCode 99e431588214a6d69b823ffdca3472e9
EMCode 21dc68e0ea4acff56df34e7b2b3a1c62
EMCode f3386232468ad64ed785f7e8d8423cee