თურქულენოვანი ხალხების ფოლკლორულ ნაწარმოებებში საგმირო ეპოსებს უდიდესი ადგილი უკავიათ. ამ ეპოსთაგან რამდენიმე საერთო თურქული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, მისი გმირი, თუ გმირები თურქულენოვან ხალხთა გეოგრაფიულ არეალში კარგადაა ცნობილი. ასეთი „ბრძენი/მაგი“ არის გორგუდი ან ქორქუთი. სწორედ ახლა იწყება “დედე ქორქუთის” სახელობის (DEDE KORKUT) კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თურქული სამყაროს კულტურული იდენტობის მატარებელი და მისი საერთო მემკვიდრეობაა. აღნიშნულ ფესტივალზე 27-ედ გაიხსენებენ თურქული სამყაროს ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომელსაც ატარებს “დედე ქორქუთის” ნაწარმოები. იგი 17-23 ივლისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ათი ათასობით ადგილობრივი და უცხოელი მონაწილე.
ლეგენდის თანახმად, დედე ქორქუთის საფლავი ქალაქ ბაიბურთში მდებარეობს აღნიშნული ქალაქი კი სწორედ 1994 წლიდან მასპინძლობს ფესტივალს, სადაც ტარდება ფერწერისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ადგილობრივი კულინარიის პრეზენტაცია, პოეზიის საღამოები, კონფერენციები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც თურქ ხალხსკულტურული თვალსაზრისით აერთიანებს. იგი ტრადიციულად იწყება სოფელ მასატში ამ საფლავის მონახულებით. უნდა ითქვას, რომ აღნიშნულმა ფესტივალმა უფრო მეტი ღირებულება შეიძინა მას შემდეგ, რაც იგი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც თურქული სამყაროს ისტორიისა და კულტურის გაცნობას ემსახურება, მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით სამასი ათასი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი. ასევე როგორც ყოველთვის, წელსაც იქნებიან მოწვეულნი მხატვრები, აკადემიკოსები, მწერლები, პოეტები და სხვა შემოქმედი ადამიანები. იგი გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.
დედე გორგუდის ისტორია
„დედე გორგუდის წიგნი“ ითარგმნება, როგორც „პაპაჩემის ქორქუთის წიგნი“, რომელიც ოღუზი ტომების საგმირო ეპოსს წარმოადგენს. მას ერთიანი სიუჟეტი არ გააჩნია. შედგება შესავლისა და 12 სიმღერისაგან. შესავალი ეხება ოღუზს — ხალხური სიბრძნისა და პოეზიის სიმბოლოს. სიმღერებში კი გადმოცემულია ოღუზი გმირების ცხოვრება და ბრძოლა . XV საუკუნეში ეს უძველესი ეპიკური თქმულებები ლიტერატურულად დამუშავდა. მათი ერთი ნაწილი შუა აზიიდან აზერბაიჯანსა და მცირე აზიაში გავრცელდა და აქ ახალი სიუჟეტებით გამდიდრდა.
„დედე გორგუდის წიგნი“ ჩვენამდე მოღწეულია ორი — დრეზდენისა და ვატიკანის ხელნაწერებით.
საბოლოოდ, ეპოსი ჩამოყალიბდა თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც ოღუზები კომპაქტურად სახლობდნენ. თქმულებები და სიმღერები ეპოსში, სავარაუდოდ, XIII საუკუნეშია შექმნილი, ხოლო დაცული წერილობითი ძეგლები XV საუკუნეშია შედგენილი.
ჭაღარა მოხუცი დედე გორგუდი, რომელიც იყო ტომის პატრიარქი მთელს ეპოსში, ითვლებაამ თქმულების შემქმნელად და შემსრულებელად. აღნიშნული თქმულებები გვხვდება ყველა თურქულენოვან ერებში: თურქმენებში, აზერბაიჯანელებში, ყაზახებში, თურქებში, გაგაუზებში, თათრებსა და სხვ.