შავი ზღვა ესაზღვრება ექვს ქვეყანას, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის თურქეთი. შავი ზღვის თურქეთის რეგიონი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სინოპის, სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზეს, ართვინისა და კასტამონუს პროვინციების სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ეს ტერიტორია ულამაზესი ბუნების, მდიდარი ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ. იგი საუკუნეების მანძილზე გახლდათ მნიშვნელოვანი ცივილიზაციების სამშობლო , რომელიც ცნობილია სხვადასხვა ისტორიული ძეგლებით, სასახლეებით, ციხე-სიმაგრეებითა და კლდოვანი სამარხებით. აქ არის უამრავი მოსანახულებელი ადგილი, რომელიც სულ სხვა სამყაროში გამოგზაურებთ!
პომპეიოპოლისი, კასთამონუ (Pompeiopolis, Kastamonu)
პომპეიოპოლისი – ქალაქი ძველ პაფლაგონიაში (უძველესი რეგიონი შავი ზღვის სანაპიროზე), რომელიც მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს. პომპეიოპოლისი არის ერთ-ერთი იმ შვიდ ქალაქს შორის, რომელიც რომაელმა გენერალმა პომპეუსმა ძვ.წ. 64 წელს დააარსა მაშინ, როცა მან პონტოს სამეფო დაიპყრო. მას მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ისტორია გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ბოლო გათხრების დროს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია კოლონადიანი ქუჩა, თეატრი, სამარხები და სხვ.
ალაჯაჰოიუკი, ჩორუმი (Alacahöyük, Corum)
ალაჯაჰოიუკი მდებარეობს ქალაქ ჩორუმიდან სამხრეთ-დასავლეთით 50 კმ-ში, ალაკას რაიონის ამჟამინდელ საზღვრებში. ეს არის ხეთების ქალაქი, რომლის მაცხოვრებლებმაც შექმნეს ხეთების მთავარი კულტურა და ისტორია. იგი არის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილი, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. აღსანიშნავია, რომ აქ არის აღმოჩენილი „მეფეთა სამარხები“, რომელიც ვარაუდობენ, რომ ბრინჯაოს ხანის უძველეს ცივილიზაციას ეკუთვნის.
ხათუსა (ხეთების იმპერიის დედაქალაქი), ჩორუმი (Hattuşa, Corum)
ხათუსა – ეს არის ხეთების სამეფოს დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს თურქეთში, ჩორუმის პროვინციაში. იგი აღმოჩენილია 1834 წელს, თუმცა თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრით. ქალაქი ცნობილია ისტორიული, ძველი ტაძრების, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებით, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ტერიტორია ოდესღაც ძლიერი იმპერიული ერის სამყოფელი იყო.
დღეს ხათუსასგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, თუმცა აშკარაა, რომ ძალიან ლამაზი არქიტექტურით ხასიათდებოდა. მას გარშემო გააჩნია გალავანი და რამდენიმე მძლავრი შესასვლელი – კარიბჭე.
აქ არსებული ისტორიული ადგილებიდან თქვენ შეძლებთ „ლომთა კარიბჭის”, “სფინქსთა კარიბჭის” , “სამეფო ” და “მიწისქვეშა კარიბჭის ნახვას”, რომელიც ქალაქის სამხრეთით მდებარეობს. ძალიან გაგაოცებთ სფინქსების ქანდაკებები, რომლებიც ცალ-ცალკე რაღაც საინტერესო ისტორიას გიყვებიან.
აღსანიშნავია, რომ 1986 წელს ხათუსა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
საპინუვა, ჩორუმი (Sapinuva, Çorum)
საპინუვა იყო ბრინჯაოს ხანის ხეთური ქალაქი, რომელიც თანამედროვე ორთაქოიში მდებარეობს. ეს იყო ხეთების ერთ-ერთი მთავარი რელიგიური და ასევე ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც განლაგებული იყო სამხედრო ბაზა და სხვადასხვა ხეთური სასახლეები.
ხეთების ქალაქის, საპინუვას ნანგრევების აღმოჩენა ისტორიისთვის დიდი სიურპრიზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიური კვლევა ამ ტერიტორიაზე 1990 წლიდან ტარდება, ბევრი საკითხი საპინუვას როლსა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით ხეთების პერიოდში საიდუმლოდ რჩება. ყველაზე ძვირფასი აღმოჩენა, რაც კი ოდესმე ყოფილა ამ მხარეში, არის ძვ. წ II ათასწლეულის სამი ათასზე მეტი თიხის ტაბლეტის კოლექცია. საპინუვას სტუმრები აქ მოგზაურობისას ნახავენ ადრეული ხეთების კულტურულ ძეგლებს, ტაძრებსა და სხვადასხვა ტიპის სამეფო სასახლეებს.
ეს არის ის ძირითადი ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ შავი ზღვის რეგიონში ჩასვლისას, თუმცა, ცხადია, ექსკურსია ამით არ სრულდება და აქ შეძლებთ კიდევ უამრავი ადგილის ნახვას, რომელიც სასწაულად გაგაოგნებთ თავისი ისტორიული წარსულით. თუ გსურთ, რომ ცოტა ხნით მოსწყდეთ ქალაქის ხმაურს და განიტვირთოთ, შეგიძლიათ მოგზაურობა დაგეგმოთ შავი ზღვის რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი ხშირი ტყეებით, მშვიდი ბუნებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და ძველი ისტორიული ადგილებით, რაც მას უდიდეს ტურისტულ ღირებულებას ანიჭებს.