ანტალია – თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიის ცენტრი

თურქეთის ეს უდიდესი საკურორტო ქალაქი ჩვენს გონებაში მხოლოდ ზღვასთან და ლამაზ სასტუმროებთან ასოცირდება, თუმცა, გარდა ამისა, ანტალია გამოირჩევა უფრო მრავალფეროვანი სანახაობით, სხვადასხვა აქტივობით (რაც უკავშირდება საზღვაო თუ სპორტულ ტურიზმს),  ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და მრავალი დასალაშქრი ადგილით, რომელთა მონახულებაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ანტალიაში ტურისტული სეზონი ფაქტობრივად, იხსნება 21 მაისიდან და ამ დროიდან იგი უკვე აქტიურად იღებს დამსვენებლებს.  სეზონი სექტემბრის ბოლომდე, მაქსიმუმ ოქტომბრის პირველ რიცხვებამდეა. ივლისი და აგვისტო აქ შედარებით ცხელია, ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, თუმცა გასაგრილებლად კამკამა ზღვა და აუზები ყოველთვის იქნება, რომელთა სიახლოვესაც შეგიძლიათ ცივი სასმელებიც დააგემოვნოთ.

 

კულტურული ღირსშესანიშნაობები

ანტალია კულტურული მიმართულებით ძალიან საინტერესო ქალაქია. აქ მრავალი ისტორიული თუ კულტურული ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ, რომლებიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ. მის ისტორიულ ცენტრში, სახელად კალეიჩი (Kaleiçi) მრავალი ნაგებობა მდებარეობს, რომლებიც ოსმალეთის პერიოდით თარიღდება.  ეს არის ტერიტორია, რომელიც გარშემორტყმულია ძველი ნავსადგურის კედლებით. უნდა აღინიშნოს Საათის კოშკიც. იგი  პორტის თავზე დგას და ანტალიის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ასევე ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ჰიდირლიკის რომაულ კოშკზეც (Hidirlik Tower). მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იგი აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში ყურის და როგორც ჩანს, იმ დროს იგი შუქურის ფუნქციას ასრულებდა ან თავდაცვისთვის საიმედო დასაყრდენ ადგილს წარმოადგენდა, სადაც ამჟამად კალეიჩის და კარაალიოღლუს პარკები მდებარეობს. უნდა აღვნიშნოთ ათათურქის სახლ-მუზეუმიც. ეს არის ადგილი, რომელიც სავსეა ათათურქის ანტიკვარული ავეჯით, ფოტოებითა და პირადი ნივთებით.

აქ თუ მოხვალთ, აუცილებლად უნდა ნახოთ ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც გიამბობთ ძველი თურქების ცხოვრების წესსა და ტრადიციებზე.   ასევე საგულისხმოა ანტალიის არქეოლოგიური მუზეუმი. მის მიმდებარე ტერიტორიებზე მკვლევარებისა და არქეოლოგების მიერ მრავალი  ისტორიული ადგილია აღმოჩენილი.

 

ბარები, პაბები და კლუბები ანტალიაში

ღამის ცხოვრება ანტალიაში ძირითადად მიმდინარეობს ძველ ქალაქ კალეიჩში, პორტსა და კონიაალტის სანაპიროზე. ძველ ქალაქ კალეიჩის ვიწრო ქუჩებში ნახავთ ბარებს, პატარა კლუბებსა და  ლამაზ რესტორნებს. რაც შეეხება კვებას,  ამ ქალაქში ბევრი კარგი რესტორანია თურქული თუ საერთაშორისო სამზარეულოთი. ყველაზე საინტერესო კვებითი დაწესებულებები მდებარეობს ანტალიის ძველ ქალაქში და კლდის მხარეს, საათის კოშკიდან კონიაალტის სანაპირომდე.

საბოლოოდ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ანტალიას და გაატაროთ დაუვიწყარი დღეები ამ ქალაქში.

 

 

EMCode 386f2405209cab027d7ee06a38896360
EMCode a60fc91a12fcc4918e2020edbba4c9b8
EMCode 08b960519d367b53651b37668529e964
EMCode b5c7bbdc39642410c8a458c976fff900